აფხაზეთი

აფხაზეთი (საქართველოს კონსტიტუციით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ამჟამად მისი ჩრდილოეთ საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს, სამხრეთით და სამხრეთ-დასავავლეთით შავი ზღვა აკრავს, ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი 8,7 ათასი კვ.კმ-ია. (საქართველოს ტერიტორიის 12,5 %). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქ. სოხუმი, ხოლო საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო ენა - ქართული და აფხაზური.
მის შემადგენლობაში 5 რაიონია: სოხუმის, ოჩამჩირის, გულრიფშის, გუდაუთისა გალის.
ოდითგანვე, აფხაზეთის რეგიონი დასახლებული იყო სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებით. 1989 წლის მონაცემებით, აფხაზეთის მკვიდრთა ნაწილს წარმოადგენდნენ ქართველები, აფხაზები, რუსები, სომხები, ბერძნები, ებრაელები, უკრაინელები, ესტონელები. ამავე მონაცემებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 525,061 ადამიანს (45,7% ქართველები, 17,8 % აფხაზები, 14,6% სომხები, 14,3% რუსები, 7,6% სხვა).

90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის მიერ ინსპირირებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა, პირველად საქართველოს ისტორიაში, მნიშვნელოვნად შეარყია ქართულ-აფხაზური მოსახლეობის საუკუნოვანი ურთიერთობები. ბრძოლის ძირითად მეთოდოლოგიად გამოიყენებოდა ეთნიკური დაპირისპირებების ინსპირირება და გაღვივება საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოში შექმნილ ავტონომიებში. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება 13 თვის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთის რეგიონზე კონტროლის დაკარგვით დასრულდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ორივე მხრიდან დაიღუპა 15 ათასზე მეტი ადამიანი და ასეულობით უგზოუკვლოდ დაიკარგა. საკუთარი სახლებიდან გააძევეს და ეთნიკური წმენდა განახორციელეს 400 ათასზე მეტი, ძირითადად ეთნიკური ქართველი მოსახლეობის მიმართ, ასევე განიდევნა 50-60 ათასი სხვა ეთნოსის წარმომადგენელი - ბერძნები, ებრაელები, ესტონელები, ბელორუსები, რუსები, სომხები, უკრაინელები და სხვა. დაახლოებით 250 ათასი დევნილი დღემდე რჩება საქართველოში, დანარჩენი კი ლტოლვილობაში ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყოველივე ზემოთქმულმა, აფხაზეთში დემოგრაფიული სურათი სრულიად შეცვალა. დღეის მდგომარეობით, აფხაზეთის მოსახლეობა დაახლოებით 170-180 ათასს შეადგენს.

1993 წლის 9 ივლისს გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია (№ 849), რომლითაც გენერალურ მდივანსა და მის სპეციალურ წარმომადგენელს ეთხოვათ ხელი შეეწყოთ მხარეებისათვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში. 1994 წლის აპრილში მოსკოვში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ. შექმნილ ვითარებაში რუსეთმა მოახერხა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ეგიდით თავის მიერვე ინსპირირებულ კონფლიქტში "შუამავლისა" და "მშვიდობისმყოფლის" როლი ეკისრა. 1994 წლის ივნისში აფხაზეთში დსთ-ის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ, თუმცა რეალურად, ისინი დაკომპლექტებული იყვნენ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებით, რომელთა "სამშვიდობო" მანდატის შესრულებისას ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1998 წლის მაისში გალის რაიონში განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის მეორე ტალღა.
საერთაშორისო საზოგადოება ყოველთვის ადასტურებდა აფხაზეთის რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას, რაც გამყარებულია გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წლის რეზოლუციით, ეუთო-ს 1994 და 1999 წლის დოკუმენტებით, ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი ანგარიშით.

საქართველო სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ცდილობდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის გააქტიურებას. გაეროს უშიშროების საბჭოს მომდევნო რეზოლუციებმა 1993 წლიდან საფუძველი ჩაუყარა გაერო-ს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში, აფხაზეთის რეგიონში - UNOMIG. მისიის ფუნქციას წარმოადგენდა მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგი. 1994 წელს ე.წ. ოთხმხრივი შეთანხმების ფარგლებში, აფხაზური, ქართული და რუსული ძალები, ისევე როგორც გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, შეთანხმდნენ დევნილთა დაბრუნების შესახებ. ხელმომწერი მხარეები მხარს უჭერდნენ დევნილთა უსაფრთხო, ღირსეულ და ნებაყოფილობით დაბრუნებას კონფლიქტამდე არსებულ საცხოვრებელ ადგილებში, თუმცა რუსეთის ფედერაციამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება სრულიად უგულვებელყო.
1997 წლიდან საქართველო ძალისხმევას არ იშურებდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდისათვის. ამოქმედდა ე.წ. "გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი", რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა არაერთი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც აფხაზეთისათვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭებას, ხელისუფლების გადანაწილებას, ეკონომიკურ განვითარებას, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს და ჩართულობას ითვალისწინებდა. იმავდროულად შემუშავდა საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ინიციატივებიც, რომელთაგან აღსანიშნავია 2001 წლის ე.წ. "ბოდენის დოკუმენტი" და 2008 წლის ივლისის ე.წ. "შტაინმაიერის გეგმა", თუმცა რუსეთმა ფაქტობრივად ჩაშალა ყველა სამშვიდობო გეგმის იმპლემენტაცია. პარალელურად, რუსეთის მხრიდან ამ პერიოდში აქტიურად ხორციელდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო პასპორტიზაცია, რაც დადასტურდა საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის (ე.წ. ტალიავინის კომისიის) მიერ მომზადებული ანგარიშით.

მანამდე "გაყინული კონფლიქტი" 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ და ოკუპაციამ ჩაანაცვლა, რომელიც დაიწყო ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, ხოლო მისი მეორე ფრონტი რუსეთის მიერ გახსნილი იქნა აფხაზეთში, რის შედეგადაც კოდორის ხეობაზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა და ხეობიდან დამატებით გამოიდევნა დაახლოებით 2,600 ადამიანი.

სამხედრო ინტერვენციას 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარება მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო გაართულა სამშვიდობო პროცესი. აფხაზეთში მოქმედმა ყველა სახის სამშვიდობო ფორმატმა, მათ შორის გაეროს სადამკვირვებლო მისიამ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა. 2008 წელს ნათლად გაცხადდა რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის როლი. საპასუხოდ, საქართველომ მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". კანონმა განსაზღვრა იმ ტერიტორიების სტატუსი, რომელთა ოკუპაცია მოხდა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად და დაადგინა ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ამჟამად აფხაზეთში განლაგებულია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები, რითაც ირღვევა ევროკავშირის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც რუსეთს ავალდებულებს სამხედრო ძალების უკან, კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას. რუსეთის ფედერაციის უკანონო გადაწყვეტილებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მხარს უჭერს მხოლოდ ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად ტუვალუმ და ვანუატუმ უკან წაიღო აღიარების გადაწყვეტილება. ამჟამად, ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ორასამდე სამოქალაქო დამკვირვებლის საშუალებით, უზრუნველყოფს საქართველოსა და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებაზე მეთვალყურეობას. თუმცა, დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალები ევროკავშირის მისიას საშუალებას არ აძლევს შევიდეს აფხაზეთის რეგიონის შიგნით და სრულად განახორციელოს მანდატი.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ ინარჩუნებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. "დამოუკიდებლობის" არაღიარების პოლიტიკას. საქართველო და რუსეთი, გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რეგულარულად განიხილავენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში, ისევე როგორც პარტნიორ-სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს დელეგაციის მიზანია განამტკიცოს ძალისხმევა, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების სრულად შესრულებისა და რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების მისაღწევად. გრძელდება მუშაობა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ძირითად პრინციპებზე შეთანხმების მიღწევის, აგრეთვე ადამიანის უფლებების პატივისცემის საფუძველზე, ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამონტაჟებული მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების მოშლის უზრუნველყოფის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას. ამასთან, 2010 წელს საქართველომ ცალმხრივად აიღო ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო ვალდებულება, რაც კიდევ უფრო გაამყარა 2013 წლის მარტში პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში ითვალისწინებს კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული მოსახლეობის დაახლოებისა და ურთიერთნდობის პროცესის ხელშეწყობას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2010 წელს მიიღო სახელმწიფო სტრატეგია "ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით", რომლის განხორციელებისთვის იმავე წელს დამტკიცდა "ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა". სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ყველა იმ სარგებლისა და შეღავათის უზრუნველყოფას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჰუმანიტარულ, სოციალურ საკითხებსა და ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისებაზე.

ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკის პრინციპებს წარმოადგენს კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარება, პირდაპირი დიალოგის შეთავაზება აფხაზური და ოსური საზოგადოებისათვის, ნდობის აღდგენა, შერიგება და პრაგმატული, ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელება. ამასთან, აქტუალურ საკითხებად რჩება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, არაღიარების პოლიტიკა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება.

2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით. საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, თანმიმდევრული ნაბიჯებით და სწორი პოლიტიკით ხელმისაწვდომი გახადოს მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის, ის სარგებელი და ახალი შესაძლებლობები, რომელსაც შეთანხმება ითვალისწინებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება და შესაბამისად, ყველა ის სიკეთე, რაც მისგან მომდინარეობს, ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს მიზანია, ააშენოს ერთიანი, ევროპული, ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფვის ევროპული ფასეულობებისა და ინსტიტუტებისაკენ, შექმნის თანაბრად ხელმისაწვდომ სარგებელს ყველა მოქალაქისათვის და აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას შეუქმნის დაცულობის ევროპულ გარანტიებს.