პეტრე კანკავა უკრაინაში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა 07.09.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა უკრაინაში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენციაზე "პენსიის უფლება შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში: საერთაშორისო გამოცდილება და გამოსავალი უკრაინისთვის" სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს გამოცდილებას განიხილავენ.

პეტრე კანკავამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა. მან კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამების, მომსახურებისა და ღონისძიებების შესახებ, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.

კონფერენციაში, რომელიც ლტოლვილთა ნორვეგიული საბჭოს ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კიევში გაიმართა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და იძულებით გადაადგილებული პირების მინისტრის მოადგილე, უკრაინის პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.