ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა 08.09.2017

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 80-ე შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, უკანონო დაკავებები და გადაადგილების თავისუფლების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონოდ აღმართვის საკითხზე. აღინიშნა, რომ ხელოვნური ბარიერები არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს და მათ მნიშვნელოვან ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენეს დე ფაქტო სტრუქტურების მიერ ახალგორის მკვიდრის თამარ მეარაყიშვილის შევიწროვების, ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების და დავით ბაშარულის გარდაცვალების საქმის გამოძიების საკითხები. მათ ასევე, ყურადღება გაამახვილეს ახალგორის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის პრობლემაზე.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.