პეტრე კანკავა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა 12.09.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა. პეტრე კანკავამ სოფლების - გუგუტიანთკარის, ზარდიანთკარის და კოშკას მოსახლეობასთან შეხვედრები შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად გამართა.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ და გუბერნატორის მოადგილემ აღნიშნულ სოფლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს, მათ შორის გაზიფიცირების, რეაბილიტირებული გზები, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები. მათ მოსახლეობისგან ასევე, მიიღეს ინფორმაცია სოფლებში დარჩენილი საჭიროებების შესახებ და აღნიშნეს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

პეტრე კანკავა და სიმონ გულედანი სოფელ ერგნეთში ცხინვალის „სამაჩაბლოსა“ და ნინოწმინდის „ფარავანს“ შორის ღია ლიგის კალენდარულ საფეხბურთო მატჩსაც დაესწრნენ, რომელიც „სამაჩაბლოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.