ქეთევან ციხელაშვილი: „გაეროს წევრი სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს მყარად უჭერს“ 01.11.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საერთაშორისო ფორუმზე “16+ სიტყვებიდან საქმისაკენ” სიტყვით გამოვიდა.

მან იმ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს აქვს - განგრძობადი ოკუპაცია, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევები. სახელმწიფო მინისტრმა გაეროს ელჩებს გააცნო არსებული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სადაც აღმართულია ბარიკადები, მავთულხლართები და ხელოვნური დაბრკოლებები.

„ ვისაუბრეთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, შერიგების პოლიტიკაზე. იმ კონსტრუქციულ და პრაგმატულ მიდგომებზე, რომლებიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და რომლებიც მდგრადი განვითარების გეგმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანის - მდგრადი მშვიდობის მიღწევისაკენაა მიმართული. ჩვენ ამაში პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება და მადლიერი ვართ, რომ გაეროს წევრი სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ძალიან მყარად უჭერს.

„ყოველწლიურად, გაეროს გენერალური ასამბლეა ამტკიცებს რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს დევნილების დაბრუნების განუყოფელ უფლებას და მიუთითებს იმის აუცილებლობაზე, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იქნას. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა საკმაოდ რთულია,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სამდღიანი ფორუმი ფარგლებში ექვსი პლენარული სესია გაიმართება, რომლებიც მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება) განხორციელების პროცესში დაგროვებული გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების გაზიარებას დაეთმობა. საერთაშორისო ფორუმს 25 ქვეყნის 150 წარმომადგენელი ესწრება.

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციასთან (WFUNA) თანამშრომლობით.