პეტრე კანკავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა 01.11.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებს შეხვდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ერიკ ჰოგთან და პოლიტიკურ მრჩეველ, ჰენრი უათენთან შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილებოდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებებსა და გადაადგილების თავისუფლებაზე.

საუბარი ასევე შეეხო ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ (IPRM) სამომავლო შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს, ასევე, საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ნდობის აღდგენას უწყობს ხელს.

შეხვედრის მიზანი თანამშრომლობის გაღრმავება, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებისა და სირთულეების განხილვა და მათზე რეაგირება იყო.