ქეთევან ციხელაშვილი : „ქართველ და ქისტ ხალხს მეგობრობის, თანაცხოვრებისა და სიახლოვის საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ“ 06.11.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორში ვაინახური კულტურის კვირეულის გახსნას დაესწრო. ღონისძიებებს, რომლებიც 6,8 და 10 ნოემბერს გაიმართება, გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
ქეთევან ციხელაშვილმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და მათ როლსა და წვლილს ხაზი გაუსვა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული ეთნიკური ჯგუფის კულტურა და თვითმყოფადობა დაცული იყოს, მაქსიმალურად წარმოჩინდეს. ეს ინიციატივაც ამას ემსახურება. ქართველ და ქისტ ხალხს მეგობრობის, თანაცხოვრებისა და სიახლოვის საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ. ეს ურთიერთობები სამაგალითოა და დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო განტმკიცდება.

„ის, რომ დღეს ჩვენ შიდა ქართლში ამ ღონისძიებას ვატარებთ, ალბათ სიმბოლურიც არის, რადგან ესაა რეგიონი, რომელსაც ყველაზე მეტად ატყვია გადაუჭრელი კონფლიქტის იარა, სადაც მავთულხლართები გადის და რომელიც ასე ახლოა ცხინვალის რეგიონთან. ეს ჩვენი გზავნილიცაა მავთულხლართების მიღმა მცხოვრები მოსახლეობისათვის - ოსებისათვის, აფხაზებისათვის, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც ერთის მხრივ მრავალფეროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ეფუძნება და მეორეს მხრივ, საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს უდებს საფუძველს იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქე თანასწორი იყოს. ამ მომავლის მშენებლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მონაწილეობას ვთავაზობთ. ესაა ერთადერთი გზა მომავლისაკენ, რომელიც ჩვენი შვილებისათვის გვინდა და რომელშიც ნამდვილად არაა მავთულხლართების, დაშორიშორებისა და განხეთქილების ადგილი“ ,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა - კონცერტი, საჯარო ლექციები, ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ვაინახურ თემაზე შექმნილი წიგნების პრეზენტაცია, პანკისის ხეობასა და პანკისელ ქისტ ქალებზე გადაღებული ვიდეორგოლების პრეზენტაცია, ქისტი პოეტების შემოქმედების გაცნობა, ბავშვთა თეატრის სპექტაკლი, სპორტული ღონისძიებები და სხვა.

მონაწილეობას იღებენ პანკისის ხეობის მკვიდრი პედაგოგები, მოსწავლეები, სპორტსმენები, ფოლკლორული ანსამბლები, უხუცესები და ა.შ.

კვირეულის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების, შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება.