13-19 ნოემბერს საქართველოში ტოლერანტობის კვირეული აღინიშნება 13.11.2017

ტოლერანტობის კვირეულის აღნიშვნა ნინოწმინდიდან დაიწყო, სადაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ტელევიზიების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩატარდა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისაგან სოციალურად დაუცველ ათ ოჯახს სეტ-ტოპ ბოქსებიც გადაეცა.

ტოლერანტობის კვირეული 13-დან 19 ნოემბრის ჩათვლით აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.

კვირეულის ფარგლებში, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს ქეთევან ციხელაშვილი უმასპინძლებს. მიღებას დაესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო მისიების, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. სახელმწიფო მინისტრი და სტუმრები ისაუბრებენ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და ტოლერანტული გარემოს მნიშვნელობაზე.

ამავე საღამოზე გამოვლინდებიან მედიაკონკურსის „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება“ გამარჯვებულები, რომელთაც სიგელები და ფასიანი პრიზები გადაეცემათ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მშობლიურ ენაზე მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ.

კვირეული 19 ნოემბერს, რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში დაიხურება ფესტივალით „ერთი ცის ქვეშ“. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ფოლკლორული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენ.