18 თვიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი გიუნაშვილი თავისუფალია 26.11.2017

გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს, 26 ნოემბერს გადაეცა.

იგი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება. გიუნაშვილი უკვე მოინახულა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

2016 წლის ივნისში დაკავებული, გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები, გიორგი გიუნაშვილი ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა ფორმატში აქტიურად განიხილებოდა.

მოლაპარაკებების შედეგად დაკავებულის გადმოცემა მოხერხდა. ბოლო წლების განმავლობაში ამგვარი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება არსებობს როგორც ქართულ-აფხაზური, ისე ქართულ-ოსური ურთიერთობების ფარგლებში. გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება, სამშვიდობო პროცესში, მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია, რაც დადებითად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესზე.