ქეთევან ციხელაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს შეხვდა 27.11.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს, ჯორჯ ოკოთ-ობოს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია გააცნო. გაზი გაუსვა  გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რასაც ადგილი აქვს  როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით. დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის პრობლემები ექმნებათ ადამიანებს ამ შეზღუდვების გამო. საუბარი შეეხო  გალის მოსახლების, როგორც აფხაზეთის რეგიონში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, ქვეყნის ამოცანები, პრიორიტეტები და ხედვა.

„ეს ორგანიზაცია საქართველოში ძალიან აქტიურია. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იძულებით გადაადგილებული პირები გვყავს და მათი სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია ჩართულია სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ჰუმანიტარულ ჯგუფში ერთ-ერთი მთავარი საკითხი დაბრუნება გახლავთ.

"რაც მთავარია, ვისაუბრეთ გამოსავლებზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, გადაადგილების, საკუთრებისა და ოჯახების მონახულების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„ბუნებრივია, ვისაუბრეთ ასევე სიტუაციაზე, რომელიც შექმნილია უშუალოდ მავთულხლართებთან იმ ოჯახებისათვის, რომლებიც ამ იზოლაციიდან გამომდინარე პრობლემებს ყოველდღიურად აწყდებიან.  აღვნიშნეთ, რომ არსებული ვითარება ნამდვილად მძიმედ აისახება როგორც ქართულ, ისე აფხაზურ და ოსურ მოსახლეობაზე.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან მკვეთრი და მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი მოვისმინეთ საქართველოს სამშვიდობო, ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართ. ჩვენი პარტნიორები, მზად არიან იმისათვის, რომ მხარი სრულად დაუჭირონ როგორც მიმდინარე, ისე ახალ ინიციატივებს, ნდობის მშენებლობის პროექტებს, ხალხთა შორის კონტაქტსა და დიალოგს, რაც აუცილებელი წინაპირობაა მდგრადი მშვიდობისათვის,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.