ქეთევან ციხელაშვილი მე-17 კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების საკითხზე ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა 13.02.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.

სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია  მიაწოდა და ის ინციდენტები გააცნო, რასაც ადგილი უკანასკნელ ექვს თვეში, ბოლო შეხვედრიდან დღემდე ჰქონდა.

მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, გალისა და ახალგორის რაიონებში საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, სოხუმსა და ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნაზე, გამყოფ ხაზებზე მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე,  უკანონო დაკავებებსა და სხვა ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ასახავს.