ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა 01.03.2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი, რიგით 85-ე შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება და საქართველოს ორი მოქალაქის - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გადმოცემა იყო, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, მოგვიანებით კი გაანთავისუფლეს, თუმცა საბუთები ჩამოართვეს და ამის გამო ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

აღნიშნულ თემებზე დასმულ კითხვებზე ქართულმა მხარემ პასუხები ვერ მიიღო. ოსურმა მხარემ ვერ დააკონკრეტა თუ როდის შეძლებენ ცხედრის გადმოცემას. მიზეზად კი ექსპერტიზა დაასახელეს და აღნიშნეს, რომ ცხედარი ოჯახს ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გადმოეცემა.

ვინაიდან ამ ორ უმთავრეს საკითხებზე ქართულმა მხარემ პასუხები ვერ მიიღო, დღის წესრიგში შესული სხვა თემების განხილვა საჭიროდ აღარ  მიიჩნია და შეხვედრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. იგი მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც აღნიშნულ საკითხებზე პასუხების მიღება შესაძლებელი გახდება.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ როგროც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.

აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა  წარმოადგენს.

IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.