ქეთევან ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი მოინახულა 10.03.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა წილკანის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი მოინახულა.

მან ოჯახის წევრებს ამ დროისათვის არსებული ვითარება გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან, ერთად არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოსაცემად დგამს.

„ჩემი აქ ჩამოსვლით, პირველ რიგში, ოჯახის მიმართ მინდა გამოვხატო თანაგრძნობა და თანადგომა. ჩვენ, ხელისუფლება და მთელი საზოგადოება,  ამ ტრაგედიის თანაზიარი ვართ. მეტსაც გეტყვით - ეს ვითარება ჩვენი ოსური მოსახლეობის დიდ ნაწილსაც აშფოთებს, რომლებიც ცხოვრობენ თბილისშიც, კახეთშიც და სხვა რეგიონებში და მათ შორის, ცხინვალშიც. ისინი მიიჩნევენ, რომ აბსოლუტურად გაუმართლებელი მოქმედებაა, როცა ამხელა ტრაგედიის მერე ოჯახისათვის ცხედრის გადმოცემა ჭიანურდება," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აქვე მან პრემიერ-მინისტრის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯია და არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავლის მოძებნისაკენ არის მიმართული.  

„ეს მძიმე ვითარება არის შექმნილი 2008 წლის აგვისტოდან, სწორედ რუსეთის მოქმედებების გამო, ამის წინაშე დგას ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება და სწორედ ამის ტრაგიკული გამოვლინებაა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი გაურკვეველ გარემოებებში და შემდგომ მისი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის დროში გაჭიანურება. ამიტომ,  ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ მოგვარდეს ეს საკითხი, ამ დროისათვის აბსოლუტურად ყველა ბერკეტია ჩართული და ასევე, მოხერხდეს ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა, მთავარი გამოწვევის დაძლევა, ვგულისხმობ, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

„პრემიერის  განცხადება ფაქტიურად ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადი გახლავთ, რომელიც ძალიან კონკრეტულ გზავნილებს შეიცავს.  ერთი მხრივ, ეს გახლავთ ჟენევის ფორმატის არსებითი გააქტიურება, მათ შორის უმაღლეს დონეზე ჩართულობით. მოგეხსენებათ,  პრემიერმა პირადად ჩართვის მზაობა გამოთქვა იმისათვის, რომ ამ ფორმატში მოხერხდეს კონფლიქტის დარეგულირებისაკენ სვლა და გონივრული ნაბიჯების გადადგმა. მეორე მხრივ კი, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რისი მზაობა ჩვენ ადრეც გაგვიცხადებია და რისი პრეცენდენტებიც არაპოლიტიზირებულ ფორმატში ადრეც გვქონია და ეხლაც გვაქვს საზოგადოებრივ დონეზე. თუმცა მთავარი ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერს ხელი არ შეეშალოს. სამწუხაროდ, ამის გამოცდილებაც ხშირად გვაქვს.

„ეს არის მტკიცე განაცხადი, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც არ სურს ომი, დაპირისპირება და დაძაბულობის ესკალაცია. არამედ სურს მშვიდობიანი განვითარება არჩეული კურსით და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვა. და ამისთვის ყველა ნაბიჯს დგამს ახლაც და მომავალშიც“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.