ქეთევან ციხელაშვილი: „დღეს ჩვენი ვალია დავიცვათ ქართული ენა, განვავითაროთ, შევქმნათ შესაძლებლობა ყველა მოქალაქისათვის, რათა იგი სრულფასოვნად შეისწავლონ“ 16.04.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა   კონკურსის „მე მიყვარს ქართული-ჩემი სახელმწიფო ენა“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართული კონკურსისათვის, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართულ ენაში მომზადების პროგრამის („1+4 პროგრამის“) სტუდენტებმა, კარნახი დაწერეს. კარნახისათვის თანამედროვე ქართველი მწერლების მცირე ზომის ნაწარმოებები შეირჩა.  

ჟიურიმ 10 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი გამოავლინა, რომლებიც სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

"ეს არის შემოქმედებითი გზა იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  სახელმწიფო ენის - ქართულის ფლობა იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს ნებისმიერმა ჩვენმა მოქალაქემ. მითუფრო ახალგაზრდებმა, რომლებმაც პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება პროფესიულ საქმიანობაში მათი მომავალი წარმატების წინაპირობა. ვიცი, რომ კონკურსში ძალიან ბევრი სასწავლებელი და სტუდენტი იყო ჩართული. ვფიქრობ, მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა, რადგან სწორედ ესაა ნიშანი იმის გაცნობიერებისა, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია.

"40 წლის წინ, საპროტესტო მოძრაობა საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ქართულ ენას ემუქრებოდა, სწორედ უნივერსიტეტში დაიწყო. სტუდენტების, უნივერსიტეტის პერსონალისა და მთლიანად  საზოგადოების შემართებითა და ერთსულოვნებით მაშინ შესაძლებელი გახდა ქართული ენის დაცვა საბჭოთა საფრთხისგან. ზუსტად ისე, როგორც საუკუნეების წინ ჩვენმა მოქალაქეებმა, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის ადამიანებმა, მის გადასარჩენად იბრძოლეს. დღეს ჩვენი ვალია დავიცვათ ქართული ენა, განვავითაროთ, შევქმნათ შესაძლებლობა ყველა მოქალაქისათვის, რათა იგი სრულფასოვნად შეისწავლონ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი,  ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პოჟუნავიჩიუსი,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე,  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი და ა.შ.

ღონისძიებათა ციკლი ჩატარდა „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ (CCIIR) ორგანიზებით.