ქეთევან ციხელაშვილი: „სამშვიდობო ინიციატივას აქვს აბსოლუტურად ერთსულოვანი, მყარი და ღია მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან“ 18.04.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.

შეხვედრას 60-მდე სტუმარი ესწრებოდა. სახელმწიფო მინისტრმა მათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა სამშვიდობო ინიციატივის შესახებ და იმ  დეტალებზე ისაუბრა, რასაც სიახლე გულისხმობს. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, ციხელაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა და დასძინა, რომ ინიციატივა პირველ რიგში მოსახლეობის საჭიროებებს ეხმიანება.

„ამ ინიციატივას აქვს აბსოლუტურად  ერთსულოვანი, მყარი და ღია მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფაქტობრივად მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იზიარებს იმ მიზნებს, რომლებიც მას აქვს. გამოთქვამენ სრულ მზაობას, რომ მხარი დაუჭირონ როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკულად განხორციელებას.

„დღეს ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ განხორციელების შემდგომი ნაბიჯებიც. მათი ჩართულობა და მხარდაჭერა მომავალშიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ყველა ეს პროექტი მიმართულია ნდობის მშენებლობის, საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და ხალხთა შორის კონტაქტების წახალისებისაკენ. მითუფრო ახლა, ახალი ინიციატივის ფარგლებში ძალიან ბევრი ინსტრუმენტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ურთიერთობები თვისებრივად ახალ დონეზე გადავიდეს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შესაძლებლობა ჩნდება აფაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებისათვის, რომ მათ ყველა ხელშესახები სარგებელი მიიღონ, რაც ქვეყნის განვითარების გზაზე იქნება.

„მიუხედავად  მზარდი დაბრკოლებებისა და ბარიკადებისა, სწორედ იმის გამო, რომ ისინი დავძლიოთ, ხიდების მშენებლობა აუცილებელია. მათი ჩართულობა ნდობის მშენებლობის პროექტების წასახალისებლად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა და მკაფიოდ გამოხატული მხარდაჭერისათვის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა. მისი თქმით, იგი პოზიტიურ გავლენას მოახდენს სამშვიდობო პროცესზე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ახალ ინიციატივას, რომ გაამყაროს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. გვჯერა, ეს ინიციატივა, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის ვაჭრობის გამარტივებასა და განათლების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს გულისხმობს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.  ვფიქრობთ, იგი ახალ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს სამშვიდობო პროცესზე”, – განაცხადა რუდმა.

"ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დადებითად შეაფასა გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმაც.

„გაერო მოხარულია ამ პროექტით, რადგან პირველ რიგში, იგი მდგომარეობას შეუმსუბუქებს იმ ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტით დაზარალდნენ. ახლა მთავარი საკითხი ისაა, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც ამ სიკეთეებით სარგებლობა შეუძლიათ, პროექტის შესახებ იცოდნენ. ეს უნდა აიხსნას, რათა დაიწყოს ამ შესაძლებლობების გამოყენება განათლებისა თუ ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ყველა დეტალი გვაინტერესებს. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე ინიციატივის განხორციელება იქნება“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშვიდობო ინიციატივა მთავრობის სხდომაზე 4 აპრილს წარადგინა. ინიციატივის მიზანი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელშესახები სარგებლის მიღება, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობის წახალისებაა.