ქეთევან ციხელაშვილი: „ქალები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი მსხვერპლნი არიან ომისა და კონფლიქტების დროს, თუმცა ხშირად ისინი კონფლიქტის მოგვარების პროცესის წამომწყებადაც გვევლინებიან“ 15.05.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1325-ის სამოქმედო გეგმის შესწავლის მიზნით საქართველოში ჩამოსულ მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდა და მათ საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ქალის როლზე მშვიდობის მშენებლობის პროცესში და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა გაძლიერება და აქტიური მონაწილეობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი თქმით,  ქალებს აქვთ უზარმაზარი პოტენციალი, რომ წვლილი შეიტანონ მშვიდობის განმტკიცებაში, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში, ასევე ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში.

„ქალები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი მსხვერპლნი არიან ომისა და კონფლიქტების დროს, თუმცა ხშირად ისინი კონფლიქტის მოგვარების პროცესის წამომწყებადაც გვევლინებიან. საჭიროა პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობისა და ჩართულობის  მხარდაჭერა,  წახალისება და შემდგომი გაძლიერება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დევნილ, კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობის ხელშეწყობა.

„2018 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო ეროვნული სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა უფლებების დაცვას, მათი ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას,მათ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში, პრევენციასა და მართვაში. ეს პროცესი ღიაა მთავრობის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობისათვის”, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

2000 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც #1325–ის სახელითაა ცნობილი. ის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, მიიღონ ზომები ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად. რეზოლუცია ადასტურებს ქალთა მნიშვნელოვან როლს კონფლიქტების პრევენციისა და მათი მოგვარების, ასევე, მშვიდობის მშენებლობის საკითხებში.