ქეთევან ციხელაშვილმა „Jamestown”-ის ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებს სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო 15.05.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ  „Jamestown”-ის ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებს მეთიუ ბრაიზას, უილემ ფოგელს,  გლენ ჰოვარდს, ვლადიმირ სოკორისა დ ა ადლენ უოლსტრომს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა გავლენიანი ამერიკული ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“გააცნო და დეტალურად მიმოიხილა ყველა ის ასპექტი, რომელსაც ინიციატივა გულისხმობს.

ქეთევან ციხელაშვილი  შეფასებით, ცნობილი და გავლენიანი ექსპერტების აღნიშნული ვიზიტი  ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან  ისინი დაინტერესებულები არიან რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების არსებული  პრობლემებით.

„როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, მთავარი ის გამოწვევა გახლავთ, რომელიც საქართველოს აქვს რუსული ოკუპაციის სახით. დღეს ვისაუბრეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. საოკუპაციო ხაზების მიმდებარედ იმ მოქმედებებზე, რომლებიც ცხადჰყოფს, რომ სიტუაცია არ გახლავთ გაყინული, ეს არ არის სტატიკური მოცემულობა და სამწუხარო დინამიკა არსებობს, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურ გამოწვევას უქმნის.

„ამ ჭრილში, ასევე განვიხილავთ საქართველოს მთავრობის ახალ, ძალიან თამამ და დინამიურ ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც მიმართულია კონფლიქტითა და ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისაკენ და ხელოვნური გამყოფი ხაზების მიუხედავად ნდობისა და ხიდები მშენებლობისაკენ”,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

„ჯეიმსთაუნის“ ფონდის წევრმა მეთიუ ბრაიზამ კონფლიქტის მოგვარების გზაზე მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია გარკვეულ საკითხებში შეიცვალა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პროვოკაციულად იქცევა, ჩანს, რომ საქართველოს მთავრობამ იპოვა გონივრული გზა, თავიდან აიცილოს ეს პროვოკაციები. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით საქართველოს, ეპოვა გზები გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის კავშირების აღდგენის მიმართულებით. ეს ჭკვიანური სტრატეგიაა“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.