ქეთევან ციხელაშვილმა და ვადიმ ჩერნიშმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი 17.05.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და უკრაინის  დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ვადიმ ჩერნიშს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა  ხელი.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის სტრატეგიული რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი მხარდაჭერის ფორმალიზება. 

„მხარეები სურვილს გამოთქვამენ განამტკიცონ და შემდგომში განავითარონ თანამშრომლობა კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით. მსგავსი თანამშრომლობა მათ საერთო ინტერესებს მოემსახურება და ხელს შეუწყობს მშვიდობის მშენებლობისა და შერიგების სფეროში არსებული პრობლემების ეფექტურად მოგვარებას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო მინისტრმა ვადიმ ჩერნიშსა და მის კოლეგებს მადლობა გადაუხადა ვიზიტისათვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საკითხებზე საქართველოს მთავრობის გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით,  საქართველოს და უკრაინას საერთო პრობლემა აერთიანებს - მიმდინარე ოკუპაცია და მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმე, რაც გამოწვევად რჩება არამხოლოდ ამ ორი  ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპისთვის. როგორც მან აღნიშნა, უბრალო დამთხვევა არ არის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნიდან ხუთს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ პრობლემებთან უწევს ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება.

„მოუგვარებელი კონფლიქტი განსაკუთრებით რთულად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. სწორედ ამიტომ მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა აუცილებლად გულისხმობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რაც ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.   ამასთან, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდეც უმთავრესი პრიორიტეტია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, მათთვის ღირსეული პირობების შექმნა და უკეთესი მომავლის პერსპექტივის გაჩენა.

„ჩვენი ახალი სამშვიდობო ინიციატივა სახელწოდებით - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - დასტურია იმისა, რომ არსებულ გამოწვევებთან დაპირისპირების გზა გადის სამშვიდობო პოლიტიკის ურყეობასა და თანამიმდევრულობაზე. ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის მავთულხლართებით, პროპაგანდით თუ კონფლიქტის მწარე გამოცდილების შემდგომ დაშორიშორების პერიოდით გამოწვეული გაუცხოების დაძლევისა და ნდობის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კონკრეტული, თამამი ნაბიჯების გადადგმა და სათანადო ძალისხმევის განხორციელება. 

„სიმბოლურია, რომ საქართველოსა და უკრაინაში არსებულ კონფლიქტებს ბევრი საერთო ასპექტი და თავისებურება ახასიათებს, რაც თავისთავად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ორივე შემთხვევაში პრობლემების შემქმნელი ერთი და იგივე აქტორია. არსებულ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას, მჭიდრო პარტნიორულ მოქმედებას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო არენაზე”,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

აქვე მან  დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოსა და უკრაინის ოფისების წარმომადგენლებს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას გაწეული ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ აღნიშნული ვიზიტის ორგანიზება  მათი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მემორანდუმის გაფორმებას აგრეთვე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მოადგილე ელიზაბეთ რუდი.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ვადიმ ჩერნიშის საქართველოში ვიზიტი ორ დღეს გასტანს. ვიზიტის მიზანია მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საკითხებზე საქართველოს მთავრობის,  სამოქალაქო  საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება. დღესვე იგი სოფელ ხურვალეთში, გამყოფ ხაზთანაც იმყოფებოდა.