მარიკა კვალიაშვილის და თამარ სხირტლაძის შემოქმედებითი საღამო ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში 21.05.2018

ქეთევან ციხელაშვილი ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში ვარსკვლავოსანი ხელოვანი ქალების, მარიკა კვალიაშვილის და თამარ სხირტლაძის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოს დაესწრო.

შემოქმედებით საღამოს, რომელიც მსოფლიოს ებრაელ და ქართველ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დელეგაციის წევრები  ისრაელის სახელმწიფოდან და კულტურის სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.

„მე ყოველგან და ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოში, როდესაც სამოქალაქო თანასწორობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური, რაც ჩვენ გვაქვს და რაც არის ჩვენი კულტურის, ტოლერანტობის, ჩვენი ღირებულებების მთავარი სიმბოლო -  ჩვენი  ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვანი ისტორია.

განსაკუთრებით მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო გამორჩეულ ქალბატონებს, მარიკა კვალიაშვილს და თამარ სხირტლაძეს,  რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების სიამაყე. მე ვარ ძალიან ბედნიერი დღეს, რომ თქვენთან შეხვედრის და მომართვის შესაძლებლობა მაქვს და მინდა გადაგიხადოთ უდიდესი მადლობა იმ ბედნიერებისთვის, რაც თქვენ გვაჩუქეთ და იმისთვისაც, რასაც მომავალში გააკეთებთ“, აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა თავის მისასალმებელ გამოსვლაში.