ქეთევან ციხელაშვილი: „მშვიდობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და კონფლიქტის გადაჭრის ჩვენი პოლიტიკა ცალსახად მშვიდობიანია“ 14.06.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ციხელაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ მოხსენებით წარსდგა.

სესიაზე სახელწოდებით „რეგიონალური უსაფრთხოების არქიტექტურა - პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება” სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა გადაუჭრელ კონფლიქტზე, როგორც მთავარ გამოწვევაზე საქართველოსათვის, რეგიონისა და მთლიანად ევროპისათვის.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს, რუსეთის აგრესიიდან ათი წლის შემდეგ, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია იქნა მიღებული.

„ეს რეზოლუცია ღიად ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა პირველი ღია დარტყმა ევროპულ წესრიგზე საქართველოში შემოჭრითა და აგრესიით. კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით ჩვენი ხედვა და პოლიტიკა ძალიან ცხადია. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. მშვიდობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და კონფლიქტის გადაჭრის ჩვენი  პოლიტიკა ცალსახად მშვიდობიანია. რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ადამიანის უფლებების დარღვევას,  სიცოცხლის ხელყოფასა და ინტერესების შებღალვას, რაც ათი წლის განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ხდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მზარდ ბარიკადებს დავუპირისპირდეთ მშვიდობით, განვითარებით,ხალხთა შორის ხიდების მშენებლობით და ამისათვის ჩვენ ძალიან კონკრეტული, პროგრესული და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ მხარდაჭერილი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გამოვიტანეთ.

„ჩემი გზავნილი პარტნიორებისადმი ის იყო, რომ  უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს სამშვიდობო პოლიტიკისა და კონკრეტულად ამ ინიციატივის მიმართ, ვთარგმნოთ განგრძობით მხარდაჭერაში ხალხისათვის, ხალთა შორის კონტაქტების, ნდობის მშენებლობის პროექტების, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის, განათლებისა და სხვადასხვა სერვისის მიწოდებაში. ზუსტად ასეთი შესაძლებლობების შექმნით ყველაზე ეფექტურად შეგვიძლია დავუპირესპირდეთ იმ ხელოვნურ ბარიკადებს, რომლებიც ადამიანების ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სამუშაო სესიაზე ქეთევან ციხელაშვილთან ერთად აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ, გერმანიის მარშალის ფონდის ვარშავის ოფისის დირექტორმა მიხეილ ბარანოვსკიმ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა,  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ პიერ დევინიემ. გამომსველთა მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” ბათუმში  დღეს დაიწყო და ორ დღეს გასტანს. იგი საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვით გაიხსნა.

სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე მონაწილეები რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებსა და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის, ევროკავშირის კანდიდატი და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ წელს უკვე მეთხუთმეტედ იმართება.