ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა 11.07.2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)  რიგით 88-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემა მოითხოვეს.

შეხვედრაზე დადგა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი. ქართულმა მხარემ ცალსახად განმარტა, რომ აღნიშნული თემა უმნიშვნელოვანესია და იგი განხილვის საგანი იქნება მანამ, სანამ სიმართლე არ დადგინდება.

მხარეებმა ისაუბრეს დე-ფაქტო რეჟიმის მიერ, ახალგორში, სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მიმართ უკანონო დევნაზე. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოსურ მხარეს მოუწოდეს შეწყდეს მეარაყიშვილის უფლებების პერმანენტული შეზღუდვა.

შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების შემთხვევები, ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები და ადგილობრივებისთვის თავისუფლად გადაადგილების კუთხით შექმნილი შეზღუდვები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 14 სექტემბერსაა ჩანიშნული.