ქეთევან ციხელაშვილი: სამცხე ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისათვის ქართული ენის შესწავლის დამატებითი შესაძლებლობები შეიქმნება 27.07.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა  ქ. ნინოწმინდაში, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, სურბ სარქისის ეკლესიის მღვდელ-მსახურებსა და მრევლთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრაზე  ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მხარდაჭერით მიმდინარე წლის სექტემბერში ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სურბ სარქისის ეკლესიაში ქართული ენის შემსწავლელი სპეციალური კურსები გაიხსნება.

„ძალიან მიხარია, რომ ასეთი ინტერესი და მონდომება სწორედ თქვენი მხრიდან მოდის. დღეს ჩამოვედი იმისათვის, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი სრული მზაობა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას კონკრეტული ნაბიჯებით და თქვენთან ერთად დავძლიოთ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა.  

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო ენის ჯეროვანი ფლობა, არამხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, არამედ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სხვა რეგიონებშიც, ჯერ ისევ გამოწვევად რჩება. ამ გამოწვევის მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტურად დაძლევა კი სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. „სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება კომპლექსური პროცესია, რომელსაც ჭირდება ძალისხმევა, გაუმჯობესება სწავლების ყველა საფეხურზე და ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა, აქ კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

„ეს ჯერ კიდევ არის ერთ-ერთი ბარიერი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც თითოეული მოქალაქე მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა არის თანასწორი. თანასწორობა კი, გულისხმობს ჩართულობას და ინფორმირებულობას.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ ძალიან მალე მივაღწიოთ მიზანს, რომ თითოეული მოქალაქის იდენტობა იყოს დაცული და ამასთან თითოეული მოქალაქეს ჰქონდეს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი ჩართულობის შესაძლებლობები.

ჩვენი ქვეყანისთვის, მით უფრო განვითარების ასეთ ინტენსიურ ფაზაზე, თითოეული ჩვენგანის ნიჭი, უნარი და შესაძლებლობა სწორედ, ასეთი მრავალფეროვნებით არის წინსვლის უნიკალური რესურსი. და ეს არის სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის განმსაზღვრელი მოცემულობაც“.

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სურბ-სარქისის ეკლესიაში გამართულ შეხვედრას  ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე,  ჟვანია ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან მახარაშვილი, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი.