ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების - საკორინთლოს, ახალშენისა და ქვემო ჭალის მოსახლეობას შეხვდა 06.08.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი ვოლსკისთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავასთან ერთად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საკორინთლოს, ქვემო ჭალისა და ახალშენის მოსახლეობას შევხდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საზოგადოებას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია გააცნეს, რომელიც უკვე შემუშავებულია და მოსახლეობას უახლოეს პერიოდში წარედგინება და რომელიც აღნიშნული სოფლების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ისაუბრეს 2013 წელს შექმნილ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე, რომელსაც სწორედ სახელმწიფო მინისტრის აპარატი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელმძღვანელობენ და რომელიც მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და უზრუნველყოფისათვის მუშაობს.  აღნიშნული სამუშაოს ფარგლებში მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებებით.

სახელმწიფო მინისტრი, დანარჩენ სტუმრებთან ერთად, გზის მოასფალტების სამუშაოებსაც გაეცნო, მოინახულა ჭაბურღილი და საქლორატორო, რომელიც სულ ახლახანს ამუშავდა. ასევე, სამი სოფლის მოსახლეობისაგან მათი საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, უპასუხეს დასმულ კითხვებს, გააცნეს პროექტები, რომლებიც სოფლების განვითარებას უწყობს ხელს და რომელთა ნაწილი განხორციელების პროცესშია, ნაწილი კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის სოფლების საკორინთლო-ახალშენის მისასვლელი გზის ასფალტირების პროექტით გათვალისწინებულია 2700 გრძ.მ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე დაგეგმილია გზის ორივე მხარეს 4038 გრძ.მ-ზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. დღეის მდგომარეობით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.      

სოფელ საკორინთლოს მოსახლეობის სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით უკვე დასრულებულია ჭაბურღილის მოწყობა, ასევე საჭიროა მოეწყოს გამანაწილებელი ქსელი. იგეგმება ცენტრალური გზის ასფალტირებაც.

სახელმწიფო მინისტრმა მოსახლეობასთან აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა,  სახელმწიფოს კურსი ურყევია და არსებულ გამოწვევებს უპირისპირდება მშვიდობით, განვითარებითა და კეთილდღეობით.

„დღეს ვხვდებით საკორინთლოს, ქვემო ჭალისა და ახალშენის მოსახლეობას, მაგრამ ეს არის გზავნილი ყველა იმ სოფლის მკვიდრისათვის, ვინც 10 წელია მავთულხლართების პირისპირ  ცხოვრობს - ჩვენ გავაგრძელებთ და ახალ ეტაპზე ავიყვანთ ამ სოფლების განვითარებას.

„ჩვენ ვდგამთ და მომავალში კიდევ უფრო დინამიურ ნაბიჯებს გადავდგამთ დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და განვითარებისკენ. ვზრუნავთ და გავაგრძელებთ ზრუნვას მოსახლეობის კეთილდღეობაზე კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდეც“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

საკორინთლოს, ქვემო ჭალისა და ახალშენის მოსახლეობასთან სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელიც პირველ რიგში კონფლიქტით დაზარალებული, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვას ისახავს მიზნად და რომელიც თავის თავში მოიცავს წინადადებებსა და ინიციატივებს, რაც არაერთ შესაძლებლობას აჩენს მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის ვაჭრობის, განათლებისა და სერვისებზე წვდომის მიმართულებით.

რაც შეეხება  2013 წელს შექმნილ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიის მუშაობას, აღსანიშნავია, რომ მის ფარგლებში, 2013-2018 წლებში კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის ხარჯები საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გორის, ქარელის, კასპის, საჩხერის, ონის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 12 ათასზე მეტი ოჯახი ყოველწლიურად იღებს აღნიშნულ დახმარებას.

დასრულდა გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების სამუშაოები, მოწესრიგდა და გრძელდება სასმელი და საირიგაციო წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყო წყალმომარაგების ჭაბურღილები, საქლორატოროები და სადაწნეო კოშკურები, მოწესრიგდა სარწყავი სისტემები და სატუმბი სადგურები. 

სრულად უფინანსდებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა იმ სტუდენტებს, რომლებიც გამყოფი ხაზისპირა სოფლებიდან არიან. ამისათვის 2013-2018 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 418 980 ლარი დაიხარჯა. ასევე, მოწესრიგდა სასკოლო ინფრასტრუქტურა. ხორციელდება მოსწავლეების საჯარო სკოლებში უფასო ტრანსპორტირება. მოეწყო აღიჭურვა და გარემონტდა სოფლის ამბულატორიები. დაიგო, მოასფალტდა და შეკეთდა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები ქარელის, კასპის და გორის მუნიციპალიტეტებში და ა.შ.