ლაშა დარსალია: „ლევან მიდელაშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა 2008 წელს სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანეს ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე“ 08.08.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან სოლომონ პავლიაშვილთან,  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილესთან თამაზ სუჯაშვილთან და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად, წეროვანის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლევან მიდელშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ლევან მიდელაშვილი ახალგორიდან იყო. აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, თუმცა რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეს ომი მოუშუშებელ ჭრილობად რჩება, რომელიც მანამ არ მოშუშდება სანამ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და დევნილი მოსახლეობა საკუთარ სახლებს არ დაუბრუნდება.  ლევანმა და მისმა თანამებრძოლებმა  2008 წელს სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანეს ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე. ეს ერთის მხრივ დიდი ტრაგედიაა და მეორეს მხრივ არის ანდერძი მომავალი თაობებისათვის, რომ  გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ მათი დაწყებული საქმე, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მშვიდობის დამყარება ჰქვია“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.