ქეთევან ციხელაშვილი მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს 21.08.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს ყურბან-ბაირამის დიდ დღესასწაულს ულოცავს.

"საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს გულით გილოცავთ ყურბან-ბაირამის წმინდა დღესასწაულს. ისლამი ჩვენი სახელმწიფოს მრავალკონფესიური კულტურის განუყოფელი ნაწილია და ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. სახელმწიფო ზრუნავს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი რწმენისა და აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელების საშუალება. გისურვებთ, ეს დღე იყოს თითოეული თქვენთაგანისათვის სიმშვიდის, ბედნიერების, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ყურბან–ბაირამი მშვიდობის, ადამიანზე მზრუნველობისა და ბოროტებაზე სიკეთის განმარჯვების დღესასწაულია. ამ დღეს მუსლიმები თანადგომას უცხადებენ და თავიანთ წილ საზრდოს უნაწილებენ გარშემო მყოფებს, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა.

ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული 3 დღეს გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.