ქეთევან ციხელაშვფილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა 21.09.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა.

საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდს და დღის წესრიგში არსებულ  საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ჰუმანიტარულ ჯგუფში განსახილველ თემებზე, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ დროისათვის არსებული ვითარება, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მხრივ შექმნილ სიტუაციას. სახელმწიფო მინისტრმა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა, რაც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ექმნება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და მისი ეფექტიანი განხორციელებისათვის გადადგმულ ნაბიჯებს. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ინიციატივის მტკიცე მხარდაჭერისთვის და მისი განხორციელების საქმეში შემდგომი დახმარების მიღების იმედი გამოთქვა.

აღინიშნა ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის   განსაკუთრებული როლი და წვლილი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.