ქეთევან ციხელაშვილი - წითელი ჯვარი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს 05.10.2018

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეულ სამუშაოზე და მნიშვნელობაზე სახელმწიფო მინისტრმა წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე კიევში ისაუბრა, სადაც ის ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.  ქეთევან ციხელაშვილმა  საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ წითელი ჯვრის საქმიანობას საქართველოში მაღალ ჰუმანიტარულ მნიშვნელობას ანიჭებს.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით: ”წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია წლებია გადაუჭრელი კონფლიქტებისა და მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი  ჰუმანიტარული მანდატის განხორციელებას ახერხებს. ორგანიზაციის ოპერატიულად ჩართვა მოხდა უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც დღეს სახელმწიფოსთვის ძალიან პრიორიტეტული საკითხია.“

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს უგზო-უკვლოდ  დაკარგულ პირთა მოძიების საქმეში. ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია მათი ოჯახებისთვის და  ნდობის აღდგენისთვის.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ.