ქეთევან ციხელაშვილი გენერალ-ლეიტენანტს, ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს ვიჩენცო კოპოლას შეხვდა 31.10.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გენერალ-ლეიტენანტს, ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს ვიჩენცო კოპოლას შეხვდა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქვეყანაში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი შეხვედრა, მისი ინიციატივით, სახელმწიფო მინისტრთან გაიმართა.

ვინჩენცო კოპოლა პოსტზე სექტემბერში დაინიშნა და მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერიკ ჰოგი. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ხელისუფლების შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა იყო.

იმსჯელეს  სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“  და მისი განხორციელების მიმდინარეობაზე. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის პირა სოფლებში არსებული სიტუაცია. სტუმარს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით იქ არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები გააცნო.

შეაფასეს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას.