ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართა 13.12.2018

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 46-ე რაუნდი გაიმართა. განხილვის მთავარი თემა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა იყო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარული მკვლელობის ფაქტებზე. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება.

დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ქართველმა მონაწილეებმა დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.

ქართულმა მხარემ წამოჭრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემა. შეშფოთება გამოხატეს უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტების გამო და ხაზგასმით დააფიქსირეს ამ ყველაფრის მიუღებლობა. აღინიშნა  ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება. საუბარი შეეხო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხს.

განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა.  ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას.

ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კვლავ ხაზგასმით აღინიშნა გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დროულად აღდგენის აუცილებლობა.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში, ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად, იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება დაისვა. თუმცა, საკითხის განხილვის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრებმა, მათ შორის მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან, შეხვედრა, წინა რაუნდების მსგავსად, კვლავ დატოვეს.                           

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება.