ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო დაათვალიერა 27.12.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო დაათვალიერა.

ვაშლის ჩიფსების წარმოება „სტარტაპ საქართველო“-ს ერთ-ერთი გამარჯვებული და წარმატებული ინოვაციური ბიზნეს-პროექტია, რომლის მეშვეობითაც გორის რაიონის სოფელ დიცში ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ქართული პროდუქტის საწარმო, აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შეიქმნა. პროექტი გულისხმობს ინოვაციური შრობის ტექნოლოგიით ვაშლის ჩიფსების წარმოებას, რომელიც სტანდარტული ჩიფსების ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივაა.

პრემიერ-მინისტრმა მსგავს პროექტებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობა უწოდა და განაცხადა,  რომ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი მალე ჩინეთში განხორციელდება.

“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამეწარმეო სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ის ეკონომიკური გამოწვევები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა. კიდევ ერთხელ მსურს ახალგაზრდებს დიდი მადლობა გადავუხადო ამ წამოწყებისთვის და კიდევ უფრო მეტი წარმატებები ვუსურვო”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მსგავსი წარმატებული საწარმოს გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევის - ოკუპაციის დამარცხება სწორედ ასეა შესაძლებელი.

„ჩემთვის და ვფიქრობ ყველასთვის, ძალიან სასიხარულოა ის, რომ ზუსტად ამ ადგილას, სოფელ დიცში, გამყოფ ხაზთან ასე ახლოს  ეს წარმატებული საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივაა.  ეს ადამიანები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ მთავარი გამოწვევა, რაც უკავშირდება მავთულხლართებს, იზოლაციას და  მცდელობას, რომ ადგილობრივებს განვითარებისა და მომავლის პერსპექტივა წაართვან. ეს არ მოხდება.

„ამ სოფელში ადამიანები ცხოვრობენ, სწავლობენ და ასეთ ინოვაციურ პროდუქტს აწარმოებენ.  ბიზნესი ფართოვდება და მინდა ამ ახალგაზრდებსა და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ასეთი ინიციატივით გამოვა,  წარმატება ვუსურვო. მავთულხლართებს განვითარებით ვუპირისპირდებით და ეს საწარმო ამის მაგალითია“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 000 ლარს შეადგენს, საიდანაც “სტარტაპ საქართველოს” დაფინანსება 90 000 ლარია. ამ ეტაპზე საწარმოში 11 ადამიანია დასაქმებული, უმეტესად ადგილობრივი სოფლის მაცხოვრებლები.

ქეთევან ციხელაშვილი, მამუკა ბახტაძესთან ერთად,  საწარმოში მისვლამდე დიცის პოლიციის საგუშაგოზე იმყოფებოდა, სადაც პოლიციელებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.