ქეთევან ციხელაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა 06.02.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იოჰანეს დუმას შორის შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრმა  სტუმართან საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განიხილა. ინიციატივა ამჟამად იმპლემენტაციის პროცესშია. ქეთევან ციხელაშვილმა მისი მიმდინარეობა მიმოიხილა და ხაზი გაუსვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და ჩართულობის  მნიშვნელობას ინიციატივის განხორციელების პროცესში. ისაუბრეს იმ  კონკრეტულ სიკეთეებზე, რომელთაც „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მოუტანს.

ელჩმა სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა და ნიდერლანდების სამეფოს პოზიცია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მხარეები  თანამშრომლობის  გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.