ქეთევან ციხელაშვილმა წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის მე-3 სკოლაში ცნობილი კურსდამთავრებული ქალების მემორიალური დაფა გახსნა 08.03.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის მე-3 სკოლაში  ცნობილი და წარმატებული კურსდამთავრებული  ქალების  მემორიალური დაფა გახსნა.

ქუთაისის მესამე სკოლის ბაზაზე თავდაპირველად წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია არსებობდა, რომლის კურსდამთავრებულთა შორის არაერთი ცნობილი სახელი და გვარია. მათ შორის არიან  პირველი დეპუტატი ქალები, ფემინისტური ისტორიის ფუძემდებლები, პოეტი ანა კალანდაძე, მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე და ა.შ.

მემორიალური დაფის გახსნამდე, ქუთაისის ოპერის თეატრიდან, მე-3 სკოლამდე მსვლელობა გაიმართა. ხუთმა სპიკერმა ქალმა იმ ცნობილი ქალბატონების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნულ გიმნაზიაში სწავლობდნენ.  

„მინდა ყველა ქალს ვუსურვო წარმატება და გაძლიერება, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და გაძლიერებას ნიშნავს. დღეს ჩემს მშობლიურ ქალაქში,  ჩემს მშობლიურ მესამე სკოლაში ვარ, რომელსაც 170 წლიანი ისტორია აქვს, როგორც ქალთა გიმნაზიას. ამ წლების განმავლობაში უნიკალური წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. დღეს აქ მემორიალური დაფა გაიხსნა ძალიან ცნობილი კურსდამთავრებულებისა, რომელთაც მართლაც გამორჩეული როლი ითამაშეს ყველა სფეროში.

„100 წლის წინ, 1918 წელს საქართველოს პარლამენტში ხუთი ქალბატონიდან ორი მესამე სკოლის, მაშინდელი გიმნაზიის კურსდამთავრებული იყო. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქალები ჯერ კიდევ ხმის უფლებისათვის იბრძოდნენ. ისინი იდემოკრატიული ტრადიციის სათავეში იყვნენ, რომელსაც დღეს ჩვენ ვაგრძელებთ და გვეამაყება. პირადად მე ძალიან მეამაყება, რომ ამ სკოლას, ამ ქალაქს ყოველთვის გამორჩეული როლი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე იქნება“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქუთაისის მერმაც.  ღონისძიების ბოლოს მან  მე-3 სკოლელი წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა.