„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ზუსტი და ობიექტური გარემოებები დადგინდეს“ 09.03.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გალში, აფხაზური მხარის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის თვითმკვლელობის ფაქტზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელიას საქმე გამოიძიოს და მის გარდაცვალების გარემოებების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოიპოვოს.

,,ფაქტობრივად მყისიერად იქნა ამოქმედებული ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და ყველა შესაბამისი უწყება უკვე ჩართული გახლავთ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და მე პირადადაც ვესაუბრე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე გახლავთ. დღეს სამივე თანათავმჯდომარე საქართველოში იმყოფება, ხვალ სოხუმში მიემგზავრებიან და ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მათი ვიზიტისას ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ასევე, ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და უკვე გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია.

„რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არის ძალიან მძიმე ფაქტი იმიტომ, რომ საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს. მინდა ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა მედიასთან განმარტა ისიც, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.