რუსი ჯარისკაცები, ჩვენი ინფორმაციით, იყვნენ საოკუპაციო ხაზს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 15.03.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დამატებითი განმარტება გააკეთა დღეს სოფელ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ გავრცელდა როგორც  მართებული, ისე არამართებული, მცდარი ინფორმაცია.

„არ ვიცი ამას მიზანმიმართულად აკეთებდნენ თუ შეუცნობლად, მაგრამ ნამდვილად აკეთებდნენ პროვოკაციულ განცხადებებს, რაც  მოსახლეობაში პანიკას თესავდა. რუსი ჯარისკაცები, ჩვენი ინფორმაციით, იყვნენ საოკუპაციო ხაზს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იქ, სადაც საუბედუროდ 2008 წელს შემოვიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია. როდესაც შეიარაღებული ადამიანები დასახლებულ პუნქტებთან ახლოს, ფაქტობრივად გაყოფილ სოფელში ჩნდებიან, რა თქმა უნდა, მოსახლეობისათვის ეს შეიძლება შეშფოთების საფუძველი იყოს, მაგრამ იქ, ადგილზე, მობილიზებული იყვნენ  საქართველოს სამართალდამცავები, უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაკეთდა არაერთი განმარტება -რომ არ ჰქონია ადგილი რუსი ჯარისკაცების გადმოსვლას, ან მცდელობას კონტროლირებად ტერიტორიაზე, არც რაიმე დამატებითი მონაკვეთის მშენებლობის ეპიზოდს და არც რაიმე სხვა ტიპის ინციდენტს. ამიტომ ის განცხადებები, რომლებიც ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან ვრცელდებოდა - რომ შემოიჭრნენ და რაღაც უბედურება ხდება, მხოლოდ პროვოცირებდა დაძაბულობას.

„კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ  და ვიცი, რომ ამ ინფორმაციას არასწორ კონტექსტში ბევრი ავრცელებს -  მე გარკვევით ვთქვი, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ჯარისკაცები. ისინი იქ აღარ იმყოფებიან. ამისათვის ყველაფერი გაკეთდა. მინდა მოვუწოდო ადამიანებს, თუ ჯგუფებს, რომლებიც ზოგჯერ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუ მიზანმიმართულად პროვოკაციულ განცხადებას აკეთებენ, რომ ისედაც რთულ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა იმყოფება მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, თავი შეიკავონ და მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს, რადგან ეს სახელმწიფოსა და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების თემაა. როგორც პოლიტიკოსები არიან ვალდებულნი, რომ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი პროვოკაცია, ისე ნებისმიერი მოქალაქე და მითუფრო ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აქტივისტები  და აქტიური მოქალაქეები არიან.

„იქნებ აღვიჭურვოთ ამ პასუხისმგებლობით და  ამ ქვეყანას ვაკმაროთ  რა უბედურებებიც გადაგვხდა თავს. დღეს სამების ეზოდან გესაუბრებით, სადაც გადმოსვენებული არის შეიარაღებული კონფლიქტის 12 მსხვერპლი, რომელიც 26 წელი დაკარგულად ითვლებოდა.  აღარ გვინდა ჩვენ დაღუპული ახალგაზრდები, ქალები, მამაკაცები და  ბავშვები. აღარ გვინდა, აღარ დავუშვებთ ომს. მინდა ეს  ყველამ კარგად გაიგოს“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.