პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალებისათვის სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ დაიწყო 17.03.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პანკისის ხეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ხეობაში მცხოვრები ქალებისათვის სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“  დაიწყო, რომელიც  სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და  ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოადგილე  გიორგი რაზმაძემ გახსნეს.

სასწავლო კურსში პანკისის ხეობიდან 14 ქალი მონაწილეობს. კურსის მიზანი ქალების სამეწარმეო უნარების ამაღლება - თეორიული ცოდნისა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებაა.  

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ტრენინგის მონაწილე ქალბატონებს მიესალმა და პროექტით დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით,  ქვეყნის კეთილდღეობისათვის ქალების გაძლიერება სახელმწიფოს ზრუნვის საგანია. სწორედ ამისათვის შემუშავდა პროგრამა, რომლის პირველი ეტაპიც ახლა დაიწყო.

„სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და  პრიორიტეტული მიმართულება პანკისის ხეობის განვითარებაა. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ხეობის განვითარების სტრატეგიული პროგრამა  და  სამოქმედო გეგმა 2019-2020 წლებისათვის. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ  ქალების გაძლიერებაზე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ისეთი პირობების შექმნაზე, რაც მათ დასაქმებას, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვასა და  სამოქალაქო აქტიურობას უზრუნველყოფს.

„პროექტში ჩართულ ქალბატონებს უკვე აქვთ ბიზნესიდეები, მოტივაცია, რომ საკუთარი საქმე წამოიწყონ და თანასოფლელები დაასაქმონ. შექმნან პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ხეობის ფარგლებში, არამედ მთელი საქართველოს ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ქალბატონები არა მხოლოდ უნარ-ჩვევებს განივითარებენ და ბიზნესის მიმართ სწორ დამოკიდებულებას შეიმუშავებენ, არამედ საშუალება ექნებათ შექმნან ისეთი მინი ბიზნესპროექტი, რომელსაც გაეროს წარუდგენენ და საგრანტო პროგრამის ფარგლებში გრანტს მიიღებენ, რაც მათი ბიზნესის წამოწყების, ან განვითარების პროცესს შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

კურსი ინტერაქტიულ ლექციებსა და პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს. სატრენინგო თემებია: ახალი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება, ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა, მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა, ბიზნეს -მოდელირება, კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, ფინანსური დოკუმენტებისა და დაფინანსების წყაროების დაგეგმვა  და საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება. კურსის ბოლოს სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი გაიცემა. 

პროექტი სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.