ქეთევან ციხელაშვილსა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა 05.04.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა, მისი განხორციელების მიმდინარეობა და შედეგები იყო. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა  ნაბიჯებზე, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის დგამს.

ევროკავშირის ელჩი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაციის პროცესით დაინტერესდა. ამომწურავი ინფორმაცია მიიღო იმ პროექტების შესახებ, რომელთაც ინიციატივა ითვალისწინებს და რომელთა განხორციელებაც დაწყებულია.

განხილულ იქნა მხარეებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ევროკავშირის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორის ჩართულობისა და მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.