ქეთევან ციხელაშვილი UNICEF-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა 15.04.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  რეგიუნულ დირექტორს აფშან ხანს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო. საუბარი შეეხო ჰუმანიტარული თვალსაზრისით მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. გაერო და მისი ინსტიტუციები ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში პროექტებს ახორციელებენ. ამჯერად ბავშვთა უფლებებზე ვმსჯელობდით. როცა ჩვენ ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, ეს განსაკუთრებული პრიორიტეტია. საქმე ბავშვების ჯანმრთელობას, მათ იმუნიზაციას, განათლების შესაძლებლობას ეხება.

„ასევე ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც გალში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვისაა შექმნილი და საჭიროებებზე, რომ საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით  გადაიდგას ნაბიჯები, რათა ბაღიდან დაწყებული, სკოლით დასრულებული,  მათი განათლების უფლება და შესაძლებლობა  უზრუნველყოფილი იქნას. ეს საკვანძო საკითხია.“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.