კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილმა ტირძნისელ მოსწავლეებსა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა 23.04.2019

კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, კონფლიქტით დაზარალებულ სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ბავშვებსა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.  

ტირძნისის საჯარო სკოლა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალდა.  რუსმა სამხედროებმა მას ცეცხლი წაუკიდეს. შენობა სრული განადგურებისგან ადგილობრივებმა იხსნეს. მადლობის ნიშნად, სახელმწიფო მინისტრმა წიგნები იმ ორ ქალბატონსაც გადასცა, რომლებიც სკოლის გადარჩენისა და ცეცხლის ჩაქრობისათვის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდნენ.  

“მინდა სწორედ ამ ადგილიდან, ტირძნისის სკოლიდან, რომელიც 2008 წელს დაზარალდა და დღეს აღდგენილია, ყველას მივულოცო წიგნის საერთაშორისო დღე. ეს არის იმ აქციის ნაწილი, რომლის ფარგლებში ჩვენ ერთმანეთს წიგნებს ვჩუქნით. დღეს ბავშვებს, ბიბლიოთეკას გადავეცით წიგნები და ამით კიდევ ერთხელ გვინდა ყველას გავახსენოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა, განათლების მიღება და ის, რომ განათლება ნამდვილად ყველაზე სწორი ინვესტიციაა წარმატებაში, მშვიდობასა და განვითარებაში.    

„ის, რომ ამ სკოლაში, რომელიც სულ ახლოსაა მავთულხლართებთან,  ასეთი კარგი პედაგოგები ასეთ კარგ მოსწავლეებს ასწავლიან, სრულფასოვან განათლებას აძლევენ, არის სწორი პასუხი იმ მახინჯ საოკუპაციო პოლიტიკაზე, რომელიც დღეს საქართველოში ასამდე სოფელს ყოფს. ჩვენ ძალიან პრინციპულად, განვითარებით, ამ ხალხის გვერდში დგომით, აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ მომავალში დავშალოთ მავთულხლართები. ამისათვის ყველაზე სწორი ინსტრუმენტი განათლება და ჩვენი ქვეყნის განვითარებაა. კიდევ ერთხელ ყველას ვულოცავ წიგნის საერთაშორისო დღეს. ვიკითხოთ წიგნები, მივიღოთ განათლება და  ყველაზე ძლიერები და წარმატებულები ვიქნებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმაც მიიღო.