„მოსახლეობა, რომელიც გამყოფი ხაზების პირისპირ ცხოვრობს, სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული პრიორიტეტია“ 06.06.2019

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, რომელიც სეტყვის შედეგად დაზარალდა, დახმარებას მიიღებს. შესაბამისი მემორანდუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის დღეს გაფორმდა, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა.

მაისის ბოლოს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად ერთი მილიონი დოლარი გამოიყო, რის მეშვეობითაც ქართული და ამერიკული მხარეების მიერ სწრაფი რეაგირების პროექტი შეიქმნა. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ  7 ათასს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა. 

ქეთევან ციხელაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსახლეობა, რომელიც გამყოფი ხაზების პირისპირ ცხოვრობს, სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ ეკონომიკური საქმიანობისა და თავიანთი მეურნეობის აღდგენის შესაძლებლობა. ეს თანხები სრულად ზარალის შედეგების აღმოფხვრისაკენ იქნება მიმართული.  ასევე იქითკენ, რომ დავეხმაროთ მათ დამაგრდნენ საკუთარ მიწაზე, ჰქონდეთ თავიანთი საქმიანობა და განვავითაროთ ეს რეგიონები.

„ეს არაა ერთადერთი, რასაც საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ახორციელებს. არსებობს ძალიან კომპლექსური პროგრამა „ზრდა“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ეკონომიკური ინიციატივების წახალისება ხდება და ვფიქრობ, რომ მომავალში ჩვენი საქმიანობა, ამ მიმართულებით, მხოლოდ გაფართოვდება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი გასაჭირის დროსაც, რაც ბუნებრივ კატაკლიზმას და ასევე ხელოვნურ კატაკლიზმებს - მავთულხლართებს უკავშირდება, ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.