ქეთევან ციხელაშვილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა 10.06.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობიდან და ქვემო ქართლიდან ახალგაზრდებს შეხვდა და მათთან სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკისა და უახლოესი გეგმების შესახებ ისაუბრა.

ახალგაზრდებმა სახელმწიფო მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და მათთვის აქტუალური თემების, მათ წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ კითხვები დასვეს. გაიმართა დისკუსია.

 „ მიხარია, რომ ასეთი აქტიური და კვალიფიციური ახალგაზრდები არიან, რომელთაც აქვთ გეგმები, ხედვები, იდეები, კითხვები და ასევე რეკომენდაციები. ვაპირებ, რომ მომავალში აქტიური კომუნიკაცია გავაგრძელო. ასეთი ტიპის შეხვედრა შერეული შემადგენლობით ფაქტობრივად პირველად შედგა და მგონია, რომ თითოეული მსგავსი ტიპის აქტივობა, რომელიც მიმართულია ერთის მხრივ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების გააქტიურებისა და მეტად ჩართულობისაკენ და მეორეს მხრივ, ამ გზით კონკრეტულ რეგიონებში ხელშესახები, პოზიტიური ცვლილებების გატარებისაკენ, უნდა წავახალისოთ. ყოველი ასეთი შეხვედრა დაკავშირებულია საქმესთან, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და იმედი გვაქვს, რომ ასეთი ძალისხმევა ხელს შეუწყობს თითოეული ჩვენი მოქალაქის თანასწორობის პრინციპის დაცვასა და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მეტად ჩართვას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)  მიერ იყო ორგანიზებული და მას EMC-ს მხარდაჭერით მოქმედი კრიტიკული სკოლის მონაწილეები ესწრებოდნენ.