ქეთევან ციხელაშვილი ლუკ დევინს შეხვდა 19.06.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელს ლუკ დევინს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბრის ძირითადი დრო სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაეთმო.  მიმოიხილეს მისი განხორციელების მიმდინარეობა და შედეგები. ხაზი გაუსვეს ინიციატივის სრულად ამოქმედების საჭიროებასა და სარგებელს, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა მის ფარგლებში ისარგებლებს.

აღინიშნა სამშვიდობო ინიციატივის  განხორციელებისათვის ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ევროკავშირის მიერ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მტკიცე და განგრძობითი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. ასევე ხაზი გაუსვა ლუკ დევინის უშუალო როლსა და ჩართულობას სამშვიდობო ინიციატივის განხორციელების პროცესში.

საუბრის კიდევ ერთი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები იყო, რაც მოსახლეობას  აწუხებს. სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით გამოწვეულ სირთულეებზე და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებზე.

შეხვედრის ბოლოს დაისახა თანამშრომლობის გაგრძელებისა და განვითარების გეგმები.