ლია გიგაურმა პროექტის ,,ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ მონაწილეები დააჯილდოვა 19.06.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პროექტის ,,ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა და მონაწილეები დააჯილდოვა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინიცირებული პროექტი ორ ეტაპს მოიცავდა - მონაწილეთა გადამზადებასა და გადამზადებული თანატოლგანმანათლებლების მიერ მოხალისეობრივ საფუძველზე შეხვედრების ჩატარებას. შედეგად, 2018-2019 წლებში, 19-მა ახალგაზრდა ტრენერმა 21 მუნიციპალიტეტის  147 სოფელში 217 შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 5300-ზე მეტი ბენეფიციარი დაესწრო.  

პროექტის მიზანი გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობის და ამ მიმართულებით არსებული რეფერირების მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.  

ლია გიგაურმა პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ უმნიშვნელოვანესი საქმე გააკეთეს,

„ქართულ საზოგადოებასა და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპები დღესაც მუშაობს, ისე, როგორც წლების წინ.  ბევრ ადამიანს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქალების უფლებრივი მდგომარეობა, ძალადობა, ადრეული ქორწინება არ მიაჩნია მნიშვნელოვან პრობლემად. არ თვლის, რომ ეს საზოგადოების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია და  ხელს უშლის თანასწორობის იდეის რეალიზებას. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილეები იყავით.

„საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარება პირველ რიგში იმით იზომება, თუ რა როლს ანიჭებს იგი თავის მოქალაქეებს გენდერული ნიშნით, რა შესაძლებლობებს უქმნის საკუთარი თავის რეალიზებისათვის და იცავს თუ არა მის უფლებებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თემა, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში შეეხეთ, ჩაუღრმავდით, რომელზეც მოგამზადეს როგორც ტრენერები და რომელიც მიიტანეთ ყველაზე მოწყვლად საზოგადოებამდე“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

პროექტი ,,ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ 2017 წლიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის (PITA) პროგრამასთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება.