გამყოფი ხაზისპირა სოფლების ხურჩასა და ფახულანის მოსახლეობას IPRM-ს შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ 21.06.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გაეროს ქალთა ორგანიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში,   საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გამყოფი ხაზისპირას მცხოვრები მოსახლეების სირთულეებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  (IPRM) ბოლო დროს ჩატარებულ შეხვედრებზე იმსჯელეს. 

სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს კონფლიქტის დარეგულირების მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და პროექტებზე, რომლებიც გამყოფი ხაზისპირას და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აგრეთვე, მოსახლეობისაგან დეტალურად მოისმინეს მათი საჭიროებები და სირთულეები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. ყურადღება გამახვილდა ჰუმანიტარულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრაზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების შეწყვეტის მიზეზებზეც ისაუბრეს და  ხაზი გაუსვეს მისი შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობას.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. პირველ რიგში, მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა იმ პროექტის შესახებ, რომლითაც თუნდაც სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში შეუძლიათ სარგებლობა. გარდა ამისა, მათ გაგვიზიარეს გამოწვევები, რომელთაც გამყოფი ხაზისპირას მცხოვრებ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი და გადაადგილების შეზღუდვა უქმნის. თითოეულ ადამიანს მიეცა კითხვის დასმისა და ამომწურავი პასუხის მიღების შესაძლებლობა.

“მსგავსი შეხვედრები პერიოდულად ტარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.  მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაციას რეგულარულად   ვაწვდით იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე ვართ IPRM-ის შეხვედრებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი საქმიანობით აღნიშნული პროექტი უკვე ორი წელია მიმდინარეობს.