ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის (CIVCOM) დელეგატების შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა 26.06.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის (CIVCOM) დელეგატებს შორის გაიმართა, მოხსენებით წარსდგა.

შეხვედრის მთავარი მიზანი კონფლიქტის მოგვარების შესახებ საქართველოს მთავრობის პოზიციის გაგება და ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ფართო სურათის დანახვა  იყო.  მას  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი უძღვებოდა.

დახურულ შეხვედრაზე ის მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიის მანდატს, მათ მომავალ საქმიანობას, მნიშვნელობასა და ზოგადად, სამშვიდობო პროცესში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ახლავს. აღინიშნა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის მისიას არ ეძლევა გამყოფი ხაზის მიღმა მანდატით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.

საუბარი აგრეთვე შეეხო ნაბიჯებს, რომელთაც საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების, არსებული საფრთხეების პრევენციისა და განეიტრალების მიზნით დგამს. ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა და სტუმრებს დეტალურად გააცნო თითოეული მიმართულება, რომელთაც ინიციატივა მოიცავს.

მოხსენების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა დელეგატების შეკითხვებს უპასუხა. გაიმართა დისკუსია.