ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღეს 09.07.2019

კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - ლუქსემბურგში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში მიღებულ იქნა ლუქსემბურგის დეკლარაცია, რომელშიც შევიდა რეზოლუცია საქართველოს შესახებ სახელწოდებით „უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო“.

მასში ნათქვამია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა “მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანია აფხაზეთში, საქართველოში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საქართველოში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე გაყოფილ საზოგადოებებს შორის ხალხთა შორისი კონტაქტების და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.“

რეზოლუციაში გამოთქმულია  მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აქვე დეტალურადაა აღწერილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, რაც რუსეთის უკანონო ქმედებების შედეგადაა გამოწვეული.

იგი მკაცრად გმობს სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს.

რეზოლუციის პრეამბულაში საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები, შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.