„ამ ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს გამთლიანების პროცესში” 15.07.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ოკუპირებული გალის რაიონიდან მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში მოქმედი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში იღებენ მონაწილეობას.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შეხვედრას შინაარსიანი და ემოციური უწოდა და განაცხადა, რომ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ახალგაზრდები ყველაფერს აკეთებენ, რათა უკეთესი განათლება მიიღონ.

„ამ ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს გამთლიანების პროცესში. საპირისპირო ემოციები ჩნდება, როდესაც ისმენ თუ როგორი დისკრიმინაციის ქვეშ არიან ისინი, რამხელა სტრესს განიცდიან ყოველდღიურად და რაც მთავარია, როგორ ცდილობს ოკუპანტი, რომ მათ შეუქმნას პრობლემები არა მხოლოდ განათლებისა და გადაადგილების, არამედ სოციალურ-ეკონომიკური თუ კომუნიკაციის კუთხითაც კი.

„დღევანდელი შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ ბავშვებმა შეძლეს, გადმოლახეს გადაკეტილი ენგურის ხიდი და გააკეთეს ძალიან ხმამაღალი განაცხადი - ჩვენ არ ვიქნებით ენგურს მიღმა არსებული თაობა, ჩვენ ერთიანი საქართველოს შვილები ვართ და ყველანაირად ვეცდებით ჩვენი განათლებით ხელი შევუწყოთ შერიგების, ნდობის აღდგენისა და საქართველოს გამთლიანების პროცესს.

„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოცარი სტრესისა და დისკრიმინაციის ქვეშ ცხოვრობს, იგივე შესაძლებლობები და პერსპექტივები ჰქონდეს, როგორიც კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს ბავშვები საზაფხულო სკოლებში გადმოსულიყვნენ და თავიანთ თანატოლებთან ერთად პროგრამაში „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მონაწილეობა მიეღოთ. თითოეული მათგანი მიიჩნევს, რომ ეს მათი ბედნიერი მომავლისათვის ახალი შესაძლებლობაა და ეს ნამდვილად ასეა,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.

საზაფხულო სკოლა 23 ივნისს დაიწყო და მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 600 მოსწავლე იღებს მონაწილეობას. მათ შორის, 43 მოსწავლე გალის რაიონიდან. ახალგაზრდები საზაფხულო სკოლაში სამ ნაკადად განაწილდნენ. თითოეულ ნაკადისათვის სკოლის ხანგრძლივობა 14 დღეა. იგი ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობას  მოიცავს. საბოლოოდ, 600 მონაწილიდან 21 ინგლისში, ინგლისური ენის სკოლაში გაემგზავრება.