შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 23.07.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ინფორმაცია აფხაზეთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააცნეს.

შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშვიდო ინიციატივის მიმართ ოკუპირებული რეგიონებიდან დაინტერესება უპრეცედენტოდ დიდია.

„დღეს გვქონდა შეხვედრა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გაეროს ორგანიზაციებს და სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს. ძირითადად ეს არის ჰუმანიტარული პროექტები, რომელიც გამიზნული არის ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებისათვის. ძალიან ფართო სპექტრი არის აქტივობების. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესი გახლავთ ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ქონდეთ რეგიონში აქტიურობის, განხორციელების იმ საქმიანობისა, რომელიც მიმართულია მოსახლეობის საჭიროებებზე. ამავდროულად ჩვენ ვისაუბრეთ რა თქმა უნდა იმ ინიციატივებზე, რასაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში და კერძოდ ახალი ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში, არის ძალიან დიდი ინტერესი იმისა, რომ მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო გაფართოვდეს კონტაქტები. რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რომელიც ხელს უშლის ამ ინტერესების განხორციელებას და გზებზე თუ როგორ უნდა დაიძლიოს ისინი", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით ის ჰუმანიტარული პროექტები, რომლებსაც საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთში ახორციელებენ ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრა გაეროს ოფისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.