„ყველა ორგანიზაცია ინფორმირებულია“ 08.08.2019

„საქმის კურსში ჩაყენებულია ყველა საერთაშორისო მისია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს“, - აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა  ზვიად ზვიადაძემ სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით გუშინ და დღეს რამდენჯერმე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საკომუნიკაციო საშუალება ცხელი ხაზი და ყველა ორგანიზაცია ინფორმირებულია.

„ახლა იმის გარკვევა მიმდინარეობს კონკრეტულად  რამხელა ტერიტორიაა, ვინ დაზარალდა ამით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთებში არის თუ არა გადმოსული ეს უკანონო კონსტრუქციები, რომლებიც ჩვენი თვალით ვნახეთ.

„დღევანდელი დღე ალბათ ფაქტია იმისა, რომ რუსეთი არ ჩერდება, საოკუპაციო ძალა უკან არ იხევს და პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტუაცია გაამწვავოს. პროვოკაციებს აწყობს, სხვას ვერაფერს დაარქმევ გუშინდელ და დღევანდელ დღეს მსგავს საქმიანობას, როდესაც ჩვენ 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და ამ დიდი ტრაგედიის 11 წლისთავს აღვნიშნავთ. ინფორმაცია, რომ აქ რუსი სამხედროები რაღაც გაურკვეველ კონსტრუქციებს აწყობდნენ, გუშინ საღამოს გვქონდა“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

გუგუტიანთკარში განხორციელებულ მოვლენებს აგრეთვე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია.  

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკანონოა და აბსოლუტურად მიუღებელია ახლაც და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუმცა სწორედ ამ დღეებში, კიდევ უფრო პროვოკაციულია და მით უფრო მტკივნეულად აღიქმება. ჩვენი და შესაბამისი უწყებების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი უკანონო მოქმედებები ამოწურულ იქნას, არ ჰქონდეს გაგრძელება და ადგილზე თუკი რაიმე ტიპის ზარალი აქვს მოსახლეობას, ან რაიმე დაბრკოლება  შეექმნა, შევისწავლოთ და გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.