„რეგულარულად გვიწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება“ 05.09.2019

„საქმე ძალიან ცოცხალ პროცესთან, ცოცხალ საფრთხესთან გვაქვს, რომელიც ყოველდღიური გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქისთვის”, -ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 11 წელია, რაც ქვეყანა ღია რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და მოსახლეობას, ყოველდღიურად, არაერთ სირთულესთან უწევს შეჭიდება.

„რეგულარულად გვიწევს  ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება. ის უკანასკნელი ეპიზოდები, როგორიც იყო უკანონო ბარიკადების მშენებლობა სოფელ გუგუტიანთკარში, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავება ეკლესიაში, სოფელ აძვისთავში, ან გადაადგილების დამატებით შეზღუდვა, როგორც თუნდაც დღეს არის, ამჯერად ორი დღით ახალგორის მიმართულებით, არის იმ ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლითაც ეს რეჟიმი 11 წლის განმავლობაში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმეა, როცა ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ჩვენი 4 ახალგაზრდის -ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და კვარაცხელიას უმძიმესი შემთხვევები არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის.

„ეს ყველაფერი გვაჩვენებს და შეგვახსენებს იმას, რომ საქმე ძალიან ცოცხალ პროცესთან, ცოცხალ საფრთხესთან გვაქვს, რომელიც ყოველდღიური გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს გვავალდებულებს, რომ  ამ საკითხების დაძლევისას ძალიან გონიერები და პრინციპულები ვიყოთ.  ამ საფრთხეს პირდაპირი გაგებით უმკლავდება 50 ათასამდე ჩვენი მოქალაქე 100-ზე მეტ სოფელში, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს; 300 ათასამდე დევნილი, რომელსაც დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალება; 200 ათასამდე ადამიანი, რომელიც დღეს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს. ეს რეგიონები, თავის მხრივ, 70 პროცენტით არის დაცლილი მზარდი მილიტარიზაციისა და იზოლაციის პირობებში.

„ყველამ ვიცით, რომ ყველაზე მოწყვლადი გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობაა, სადაც მათი ეთნიკური კუთვნილება, საუბედუროდ, დისკრიმინაციის საფუძველია. სწორედ ამიტომ, ეს მოსახლეობა, მათი უფლებების დაცვა, მათი მდგომარეობის გაუმჯობესება იყო და მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი. ასევე არ გვავიწყდება კოდორის მოსახლეობა, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდულია თუნდაც გადაადგილების შესაძლებლობით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.