ქეთევან ციხელაშვილი მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების საკითხზე ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა 10.09.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია - სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მძიმე გამოწვევები. ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით გამოწვეულ პრობლემებს. მათ შორის, ისაუბრა ამჟამად ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ბოლო ექვს თვეში მომხდარი ინციდენტებიც გააცნო.

საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. მიმოიხილეს ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი იმპლემენტაციის პროცესზე.

შეხვედრის დასარულს, სახელმწიფო მინისტრმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს  გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ასახავს.